ინტერნეტ და კიბერ შეტევები ამერიკაზე

სარჩევი

კითხვა:როგორც ამერიკის მოქალაქე და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მრჩეველი კომპიუტერულ და საკომუნიკაციო სფეროებში, რა რეაქცია გქონდათ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე?
კითხვა:რა განსხვავებები დაინახეთ ამ მოვლენების ინტერპრეტაცია & გადმოცემის თვალსაზრისით ინტერნეტს და სხვა მედია საშუალებებს შორის?
კითხვა:რა გავლენას ახდენს მყისიერი კომუნიკაციის შესაძლებლობა ჩვენს ცხოვრებაზე?
კითხვა:თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს ეს მოვლენები მსოფლიოზე : ახალი ბრძოლა გაჩაღდება დემოკრატიასა და ტერორიზმს შორის, თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება?

როგორც ამერიკის მოქალაქე და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მრჩეველი კომპიუტერულ და საკომუნიკაციო სფეროებში, რა რეაქცია გქონდათ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე?

თავიდან დაუჯერებელი მეჩვენებოდა, მაგრამ მედია საშუალებებმა და ხალთან კომუნიკაციამ რეალობა გამაცნობიერებინა, რამაც ჩემზე უდიდესი ზეგავლენა იქონია. ბევრი სხვა ამერიკელივით, ვიგრძენი რომ ამერიკას და მის ღირებულებებს ვეკუთვნი.

ტერაქტის შემდეგ, სიეტლის ცენტრში ხალხმა მილიონი ყვავილის ბუკეტი დატოვა. ჩვენ უნივერსიტეტში კი, ჩემი დაკვირვებით, 5000 – ამდე ადამიანი შეგროვდა გლოვის გამოსახატად და ბევრი მათგანი ხელ-ჩაკიდებული მღეროდა.

გამიკვირდა რამდენად გაგებით და მხარდაჭერით მოეკიდა ხალხი ადგილობრივ მუსლიმ და არაბ მოსახლეობას. ყველანაირი რწმენის ადამიანი ერთად დადგა. ყველა მეჩეთი სიეტლში, რომელიც ვიცი, დაფარული იყო ყვავილებით და ამერიკული დროშებით. რა თქმა უნდა, იყო ინდივიდუალური შემთხვევები მეჩეთებზე და მუსლიმებზე თავდასხმის, მაგრამ ზოგადი გზავნილი მედიისა და მოსახლეობისგან იყო რომ ისინი თანასწორი ამერიკელები არიან. შედარებისთვის, ჩემი ცოლი, რომელიც იაპონური წარმოშობისაა აიდაჰოს საკონცენტრაციო ბანაკში გაიზარდა. ალბათ კაცობრიობამ რაღაც ვისწავლეთ. 

დაზარალებულებისადმი დახმარების მასშტაბი საოცარი იყო. გადაივსო სისხლის ჩამბარებელი პუნქტები და საქველმოქმედო ორგანიზაციები სხვა შემოწირულებებით. ასეთი თანადგომა და გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო არასოდეს მინახავს. 

ჩვეულებრივი ცხოვრება დროებით შეწყდა. სატელევიზიო და რადიო არხები სულ ამ ტრაგედიის გარშემო ტრიალებდნენ, ბევრი სპორტული თუ სხვა ღონისძიება გაუქმდა, და ბევრი ჩვენგანი სამუშაოს წყვეტდა რომ თვალი ედევნებინა მიმდინარე მოვლენებისათვის ინტერნეტში.

რა განსხვავებები დაინახეთ ამ მოვლენების ინტერპრეტაცია & გადმოცემის თვალსაზრისით ინტერნეტს და სხვა მედია საშუალებებს შორის?

მასმედია საშუალებების და ინტერნეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შორის დიდი განსხვავებაა. მედიას აქვს შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციული წყარო და გადაწყვეტილებების მიმღები პირი. იქ პატარა სივრცეა უკუკავშირის და ინფორმაციის გადამოწმებისთვის. 

შედარებისთვის, ინტერნეტის მთავარი შეზღუდვა ინფორმაციის გადაცემის სისწრაფე და ვირუსული შეტევებია. ბევრს ეშინოდა რომ ინტერნეტი ვერ გაუძლებდა ასეთი მასშტაბური ამბით გამოწვეულ ზეწოლას, მაგრამ, მცირედი პრობლემების მიუხედავად, ინტერნეტმა გამოცდას გაუძლო. მაგალითად, Disney channel – ზე ჩემი ყოფილი თანამშრომლის თქმით, ამდენად გახშირებული ტრაფიკი თავიდან ჰაკერული შემოტევა ეგონათ, მაგრამ როგორც კი მიხვდნენ რაშიც იყო საქმე, საიტზე გრაფიკული ვიზუალი მოხსნეს და ფაილები დააკომპრესირეს ინფორმაციის შეუფერხებელი გადაცემის უზრუნველსაყოფად. პირადად მე არანაირი შეფერხება არ მიგრძნია ინტერნეტთან წვდომასთან დაკავშირებით. 

ელექტრონული ფოსტა ძალიან გამოსადეგი აღმოჩნდა ამ საგანგებო სიტუაციაში. ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი პენტაგონში სიტყვით გამოდიოდა, მაგრამ email-ის საშუალებით გაგვაგებინა რომ უსაფრთხოდ იყო.  მეორე თანამშრომელმა კი ინტერნეტში მოპოვებული ფოტოების მიხედვით სავაჭრო ცენტრის შენობების ციფრული ვერსია შექმნა, გზავნილებში საკუთარი ემოციების გამოსახატად. 

ინტერნეტის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ თვითონ აკონტროლებ სად შეხვიდე და რა გააკეთო, განსხვავებით მედიისგან, სადაც უბრალო მგზავრი ხარ და მოიხმარ რასაც გაწვდიან. მაგალითად, შეგიძლია ახალი ამბების ალტერნატიული წყარო აირჩიო, როგორიცაა BBC-ის ინტერნეტ მაუწყებლობა. მას ბევრი ჩვენგანი სამსახურიდან ადევნებდა თვალს, რადგან ისინი ამერიკული წყაროებისაგან განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზობდნენ.

ჩემი აზრით, სწორედ ინტერნეტ ჟურნალისტიკა გვთავაზობს გამოხატვის ყველაზე მეტ თავისუფლებას და მრავალფეროვნებას. ისინი არამარტო ალტერნატიულ შეხედულებებს გვაწვდიან და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას გვაძლევენ, არამედ ქმნიან კრიტიკის სივრცეს (სხვა მომხმარებლებს არაერთხელ მიუთითებიათ ჩემს მიერ დაშვებული შეცდომისკენ). მაგალითად, დიდი ხანია დაინტერესებული ვარ კოსმოსური ტექნოლოგიებით, თუმცა ყველა ქვეყნის მედია და სამთავრობო საშუალებებმა დაარწმუნეს ფართო საზოგადოება და ბევრი მეცნიერი, რომ კოსმოსში მოგზაურობა აუცილებლად საოცრად რთული, ძვირი და სარისკო უნდა იყოს, ამიტომ მიზანშეწონილია მხოლოდ გმირი ასტრონავტებისთვის. იმ ჩვენგანს, რომელსაც გვაქვს მეცნიერული განათლება და წვდომა ამ სფეროს ექსპერტების აზრებთან, ვიცით, რომ ეს ფასები გადაჭარბებული, არასაჭირო და პოლიტიკურად განპირობებულია. 

ბოლო დროინდელი ტერორისტული შეტევების ფონზე, ამერიკელების უმეტესობა სამყაროს მასმედიის ჭრილში უყურებს და შედეგად, სხვა კულტურების მიმართ ანტიპათიას გამოიმუშავებს. ხალხი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ამერიკის ხისტი საგარეო პოლიტიკის უარყოფით შედეგებს. ისინი თვლიან რომ ნებისმიერი სხვა კულტურა ავის მომტანია და მიზანმიმართულად ემსახურება დემოკრატიული პრინციპების რღვევას. მეც იგივე პოზიცია მეჭირა, სანამ შევხვდებოდი ამერიკელებს, რომლებიც უცხოეთში მუშაობდნენ სამშვიდობო ორგანიზაციებში ან მკვლევრებად. მათ განსხვავებული სურათი დამანახეს ამერიკის საგარეო პოლიტიკის, რომელიც ძირითადად მოტივირებულია ბიზნეს ინტერესებით და რესურსების მოპოვებით და არ ითვალისწინებს ხალხის ინტერესებს.

ინტერნეტის გარეშე, ეს ურთიერთობები რომ არ მქონოდა, ვერ გავიაზრებდი რატომ არ უყვართ ასე ამერიკა. ეს შეხედულებები ახლა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც იაფიანი კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა მაინც აქვს. ეს საკითხები ნელ-ნელა მედიაშიც იკიდებს ფეხს, რადგან უფრო და უფრო ხშირად მესმის გარჩევები ჩვენს რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელიც მხოლოდ საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება. 

რა გავლენას ახდენს მყისიერი კომუნიკაციის შესაძლებლობა ჩვენს ცხოვრებაზე?

მე-18-ე საუკუნის ენციკლოპედისტებს სჯეროდათ, რომ ბოროტების ძირითადი საფუძველი ინფორმაციის ნაკლებობა იყო და რომ თავისუფლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია მსოფლიოს გაცილებით უკეთეს ადგილად აქცევდა. თუმცა, მათი ნამუშევრების გამოქვეყნების შემდეგ გამოვიარეთ საფრანგეთის სისხლიანი რევოლუცია, შევინარჩუნეთ მასობრივი მონობა, დამანგრეველი ომები, ჰოლოკოსტი, არაადამიანური პოლ პოტის რეჟიმი და სხვა. ეს ნათელს ხდის, რომ ინფორმაციისადმი წვდომა საკმარისი არ არის

სწრაფი კომუნიკაცია კიდევ უფრო და უფრო ასწრაფდება. ადრე, საკომუნიკაციო საშუალებები დაფიქსირებული იყო გარკვეულ წერტილებში, როგორც ხაზის ტელეფონი ან ტელევიზორი, მაგრამ ახლა, მობილური ტელეფონების და PDA საძიებო სისტემების დახმარებით, თითქმის ნებისმიერი ადგილიდანაა ხელმისაწვდომი. 10 წელიწადზე ნაკლებში, პორტაბელური კომპიუტერები და მათი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა მოგვცემს თანამედროვე კომუნიკაციების გაუმჯობესებულ საშუალებებს : ფართო-ეკრანიანი ტელევიზორი, რადიო, ელექტრონული ფოსტა, კამერა, კომპიუტერი, ვიდეო თამაშები, გაზეთი, წიგნები, ჟურნალები, რუკები, ნახაზები და სხვა.

უფრო კონკრეტულად, ყველგან გაჩნდება ვიდეო კამერები. უბრალო ჟესტის შესრულება ან ხმის გამოცემა იქნება საჭირო და კამერა ავტომატურად გადაიღებს და შეინახავს ფოტოს, თავისი დროის და ადგილმდებარეობის ანოტაციით, რომ გაადვილდეს მათი მოძებნა. ეს ეხება ვიდეო ჩანაწერებსაც. 

ასეთი ტექნოლოგია მოგვცემს გამორჩეული მომენტების დაფიქსირების შესაძლებლობას და საშუალებას უკეთ გამოვიძიოთ და შევზღუდოთ კრიმინალი, მაგრამ ასევე საფრთხეს შეუქმნის ადამიანების პირადი სივრცის დაცულობას. ის, არამარტო მცდარი, გამოუსადეგარი და უაზრო ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს, არამედ წაახალისებს ვირუსულ შეტევებს და დარტყმის ქვეშ დააყენებს ჩვენს იდენტობას და უსაფრთხოებას. 

ჩვენი, საინფორმაციო ინდუსტრიაში მყოფი ადამიანების უმეტესობა მოუთმენლად ველოდებით ამ ტექნოლოგიურ განვითარებებს, თუმცა, ადამიანთა უმეტესობა ეძებს გზებს დაიდასტუროს წინასწარ არსებული შეხედულებები, ამიტომ, ახალი ინფორმაციის მოძიების ნაცვლად, თავს შეიზღუდავს ისეთი წყაროებით, რომლებიც თანხვედრაშია მის აზრებთან და არ სთავაზობს არაფერ ახალ და წინააღმდეგობრივს. 

თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს ეს მოვლენები მსოფლიოზე : ახალი ბრძოლა გაჩაღდება დემოკრატიასა და ტერორიზმს შორის, თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება?

ოპტიმიზმს და პესიმიზმს შორის ვმერყეობ. ერთის მხრივ, ვხედავ ტექნოლოგიას, რომელსაც შეუძლია შეამციროს ამერიკის საგარეო პოლიტიკის უარყოფითი ეფექტი: ზემოთ ნახსენები კომპაქტური კომპიუტერები, რომლებიც შესაძლოა იმუშავებენ სხეულის სითბოთი ან მოძრაობით გამომუშავებულ ენერგიაზე და ნახევარ კილოზე მსუბუქი იქნებიან, შეუძლიათ ჩაანაცვლონ ასეულობით ფუნტი მასალა და ვატი ენერგია რომელსაც ოჯახები მოიხმარენ, ისევე როგორც ასიათასობით ფუნტი ქაღალდი წლიურად. განახლებად ენერგიის წყაროებს, როგორებიცაა ქარის და მზის ენერგია, შეუძლია საგრძნობლად შეამციროს ამერიკის მატერიალური მოხმარება და არასაჭირო გახადოს სხვა ქვეყნებთან კონფლიქტში შესვლა. 

მეორეს მხრივ, ინტერნეტი მუდმივად აჩენს თავდასხმის ახალ საშუალებებს. ტერორისტები მჭიდროდ იყენებდნენ ინტერნეტს შეტევის დაგეგმვის და კოორდინირებისთვის (FBI-მ მიაკვლია საფოსტო მისამართს რომელსაც ისინი ხმარობდნენ). ინტერნეტი ასევე დაუცველია კიბერ-შემოტევებისგან. დღესაც კი, მომიწია ანტივირუსის დაყენება რომ Nimda-ს ვირუსი თავიდან ამერიდებინა.

ჩვენი უნივერსიტეტის უსაფრთხოების ექსპერტებმა აჩვენეს, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურის კონტროლის მექანიზმები, როგორებიცაა მილსადენები, კაშხლები, წყალსაცავები, ელექტრო-მომარაგების სისტემები და ტრანსპორტი, არ არის სათანადოდ დაცული მსგავსი შემოტევებისგან. ბოლო დროს, მათ უწევთ თავი დაიცვან ამოუცნობი და გაუშიფრავი პირებისგან. იაფად ხელმისაწვდომი კომპიუტერები, ინტერნეტთან ადვილი წვდომა და გარღვევები უსაფრთხოებაში ამერიკის მოსახლეობას დაუცველს ტოვებს.

მაგრამ, ისევე როგორც პარაზიტები აძლევენ უდიდეს სტიმულს ბიოლოგიურ ევოლუციას, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მცდელობები დავამარცხოთ ჰაკერი ‘’პარაზიტები’’ გვაიძულებს სწრაფად განვავითაროთ ტექნოლოგიური უსაფრთხოება და შევქმნათ სარეზერვო კონტროლის მექანიზმები რომლებიც ხელით იმართება.